საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალური შეჯამებისთვის ცესკო-ს სამი დღე დარჩა
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალური შეჯამებისთვის ცესკო-ს სამი დღე დარჩა

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურ შეჯამებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამი დღე რჩება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 17 ნოემბერი არის ბოლო ვადა, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საკუთარ სხდომაზე ოფიციალურად უნდა შეაჯამოს და საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააფორმოს.

საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. შესაბამისად, თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ, 14 ნოემბერს გააფორმებს, არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩაინიშნება. 15 ნოემბერს შედეგების შეჯამების შემთხვევაში კი, არჩევნების მეორე ტურის თარიღი 29 ნოემბერი იქნება, ხოლო 16-ში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, არჩევნები 30 ნოემბერს ჩაინიშნება. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას გამოიყენებს, მაშინ შემაჯამებელი ოქმი 17 ნოემბერს გაფორმდება, არჩევნები კი პირველ დეკემბერს ჩაინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს შედგენისთანავე აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას ორი დღის ვადაში აქვეყნებს.