საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, პარლამენტში პლენარული სხდომები ყველა სასესიო კვირაში ჩატარდება
საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, პარლამენტში პლენარული სხდომები ყველა სასესიო კვირაში ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, პარლამენტში პლენარული სხდომები ყველა სასესიო კვირაში ჩატარდება.

„ჩვეულებრივ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთი თვე რეგლამენტის თანახმად პლენარული სხდომებისგან შეიძლება თავისუფალი იყოს. ალბათ მოგვიწევს ყველა სასესიო კვირაში მუშაობა, მათ შორის პროკურატურის კანონიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოესწრება ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროკურატურის შესახებ კანონზე მსჯელობას პარლამენტი ოქტომბრის პირველი კვირიდან დაიწყებს, მანამდე კი კონსულტაციები გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი პროკურატურაა, სადაც ვადების დაცვა განსაკუთრებულ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ამასთან, დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტს ვერ მივიღებთ, რადგან ახალი კანონია და ტექნიკურადაც შეუძლებელია, დაჩქარებული წასით მიღება. ყველაზე მეტი ყურადღება გვმართებს, რათა მოვახერხოთ ვადების დაცვით ამ კანონის მიღება. ოქტომბრის პირველ კვირაში გვექნება პირველი მოსმენა და მესამე კვირაში მეორე მოსმენა, ამ ვადებით თუ წავალთ, სხვანაირად გამორიცხულია. ყველაზე გვიანდელი ვადა არის ორ კვირაში – ხუთშაბათი, როცა უნდა მოხდეს ინიცირება. მანამდე კონსულტაციები გვჭირდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ინიცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დატოვე კომენტარი