საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, რამდენიმე ფაქტზე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს
საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, რამდენიმე ფაქტზე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 127 პირია დაკავებული.

„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – 45 პირი , მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი.

ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი. ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ამოღებულია 54 ხელყუმბარა,122 კაფსულ-დეტონატორიდა​, 3740 ცალი ვაზნა“,- განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი.

ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და მის რეალიზაციას  საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ  მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.

მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“,- განაცხადეს შსს-ში.