საპატრულო პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია ოთხი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები – 1972 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული  ა.ბ.,  ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა დროს შეაჩერეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი  ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი  ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები,  მათ შორის: „ალფა პვპ“ და „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.