საპატრულო პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის, უკანონო შეძენა-შენახვისა და შეძენის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.