საპატრიარქოსთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საპატრიარქოსთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი აქციას მართავს, მათი თქმით, ისინი ამ ფორმით პატრიარქს იცავენ ეკლესიის ამბოხებული ნაწილისგან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, იმ შემთვევაში თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ მართული მრევლი საპატრიარქოსთან მივა, ისინი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდებიან და ამ ფორმით დაიცავენ პატრიარქს.

„მოვედი ეროვნულ სამოსში. ჩვენ ვნახეთ ამბოხებული ფრთა ეკლესიაში, რომელიც მეუფე სტეფანეს ფიზიკურად შეეჭრა, ისინი, რა თქმა უნდა, აქაც შევარდებიან, იყო ამის საშიშროება. ვნახეთ რა ორგანიზაციები დაუკავშირდნენ მათ, ქალთა უფლებები, ფემინისტები, „გირჩელები“, ეკლესიის პირდაპირი მტრები და მოძულეები, ისინი თავისთავად ცხადია, აგრესიას მიიტანენ და შევარდებიან. რომც არ შევარდნენ, აქედან რომ ვაყვიროთ და პატრიარქი შეაწუხონ, ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მრევლის სახელით ვართ მოსულები“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აქციაზე იმყოფება მომღერალი ნატო დუმბაძე.

„აქ ვიმყოფები, რომ გამოვხატო ჩემი სიყვარული უწმინდესისადმი, მშვიდობიანი სიყვარული მოვუტანეთ პატრიარქს, ძალიან ბევრი ცილისწამება ისმის, ისეთი ჟამიანობაა ახლა, რომ არც ეკლესიის და არც საქართველოს შუაზე გახლეჩვა არ შეიძლება. ასეთი უწმინდესი არავის ჰყავს მსოფლიოში. მოვედით, რომ გამოვხატოთ პატრიარქისადმი სიყვარული“, – განაცხადა ნატო დუმბაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები უნდა შეიკრიბონ და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ.

დატოვე კომენტარი