საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ვერაზე მდებარე ტაძარში, რომლის მღვდელმსახურებიც თვითიზოლაციაში არიან, სააღდგომო მსახურებას სხვა სასულიერო პირები ჩაატარებენ
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ვერაზე მდებარე ტაძარში, რომლის მღვდელმსახურებიც თვითიზოლაციაში არიან, სააღდგომო მსახურებას სხვა სასულიერო პირები ჩაატარებენ

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მღვდლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ყველა მღვდელმსახური თვითიზოლაციაშია. თუმცა, მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ტაძრის დეზინფექცია მოხდება და სხვა სასულიერო პირები შეასრულებენ სადღესასწაულო მსახურებას.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გიორგი პაპავას შესახებ, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„ბოლოს მამამ გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, ბოლო დროს ტაძრებში როგორ ხდება ამ წესების დაცვა. ამ წესების დაცვით იმსახურა და საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ, ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ იყო ფაქტობრივად, იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, ვინც რისკჯგუფებშია, ვისაც სახლში ჰყავს ადამიანები, ვინც რისკჯგუფს განეკუთვნება, ასაკოვანი ადამიანები. ჩვენ ეს ხალხი გავაფრთხილეთ, რომ თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ალბათ, სპეციალისტები დაადგენენ ყველაფერს. როგორც აქამდე, ეპიდემიოლოგები მიჰყვებოდნენ კვალს, ახლაც დაადგენენ. ამ ტაძრის დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში  არიან.

უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, ტაძარი არის ახლა ჩაკეტილი, გამოცხადებულია სრული კარანტინი. რამდენიმე დღე, რაც დასჭირდება დეზინფექციას, დაკეტილი იქნება და შემდგომში სხვა მოძღვარი, არა ამ ტაძრის მოძღვრები, რომლებიც ახლა თვითიზოლაციაში არიან, არამედ ვინმე სხვა შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქნება წირვა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.