საპატრიარქო - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში სასულიერო პირები მოსახლეობას „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ
საპატრიარქო - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში სასულიერო პირები მოსახლეობას „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ.

მათივე ცნობით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა ქალაქ მცხეთის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს.

„დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა ქალაქ მცხეთის სამღვდელოებას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას.

საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ამ ინფორმაციას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამგვარი სიცრუის გავრცელება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა წმინდა ქალაქ მცხეთისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს – ქალაქის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს და, ცილისმწამებლების წარმოდგენით, უკავშირდება ამ პროექტის ზოგიერთ ქალაქგეგმარებითს გადაწყვეტას.

ამასთან, ამგვარი ან მსგავსი პროვოკაციული ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიის მხრიდან მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პირადი გასაუბრების მეშვეობით, ისე ფოტო ან ვიდეომასალის მოწოდებით), რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთ ფაქტებთან“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.