საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ პროექტს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაზარალებული ყველა კონფესიისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ პროექტს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაზარალებული ყველა კონფესიისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს, რაც გულისხმობს კომპენსაციის მიცემას ყველ იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი​.

როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი „21-ე საუკუნის“ ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.

„შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას.

ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი