საპატრიარქოს ტაძრიდან უკრაინის მოსახლეობისთვის მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
საპატრიარქოს ტაძრიდან უკრაინის მოსახლეობისთვის მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

საპატრიარქოს ტაძრიდან უკრაინის მოსახლეობისთვის მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მოსახლეობაში შეგროვებული 40 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში.

„დღეს, 2022 წლის 27 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის საზეიმო წირვის შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან უკრაინის მოსახლეობისათვის კვლავ გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება – საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, წყალი, ტანსაცმელი, ბავშვთა კვების პროდუქტები – სულ 25 ტონაზე მეტი ტვირთი.

დღესვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დალოცა ამ პროცესის ორგანიზატორი ყველა მონაწილე. ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ შეგროვდა გზავნილი. ამჯერად ძირითადი შემოწირულება ეპარქიებიდან შემოვიდა. ასე რომ, საერთო ჯამში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მოსახლეობაში შეგროვებული 40 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.