საპარტნიორო ფონდი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია წყალტუბოს უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლისა და იმერეთის ეკონომიკის გაძლიერებისთვის
საპარტნიორო ფონდი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია წყალტუბოს უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლისა და იმერეთის ეკონომიკის გაძლიერებისთვის

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, ერთგვარი გარანტია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა და წყალტუბო, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტი, თავისი ტრადიციულ ფუნქციის აღდგენასთან ერთად, გახდება რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, მიესალმებიან ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საქართველოს ამ უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლისთვის, რეგიონში ინვესტიციების ზრდისთვის, ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ზოგადად, იმერეთის მხარის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“ 2015 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl&Partner-თან ერთად, კურორტის შესაძლებლობების კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან პროექტის პრეზენტაცია 2015 წელსვე, საფრანგეთის ქალაქ კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე (MIPIM) გაიმართა. შემდგომში მისი პრეზენტაცია არაერთ ბიზნესფორუმსა და გამოფენაზე შედგა. ამას გარდა, ასევე, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში შეთავაზებული იყო, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. თუმცა, ამ მასშტაბური პროექტის სრულფასოვნად განსახორციელებლად ვერ მოხერხდა მსხვილი ინვესტორის მოზიდვა. მათი მხრიდან ინტერესი გამოხატული იყო მხოლოდ კონკრეტული სანატორიუმების ან სასტუმროების მიმართულებით, რაც მთელი კურორტის განვითარების კონცეფციის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და წყალტუბოს კურორტის განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იყო მოკლებული.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, არის ერთგვარი გარანტი, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა და წყალტუბო, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტი, თავისი ტრადიციულ ფუნქციის აღდგენასთან ერთად, გახდება რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით“, – ნათქვამია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.