საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ის პარტია ან საარჩევნო ბლოკი შეძლებს, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40 პროცენტზე მეტს მიიღებს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება იმ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეეძლება, რომელიც პროპორციული სისტემით ხმათა 40 პროცენტზე მეტს მიიღებს.
საქართველოში ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი სისტემით საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება.
ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიებს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შესთავაზა და პარლამენტმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.
კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრულია ისიც, რომ ზემოხსენებული მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე განაწილდება, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით – 120/30-ზე პირველად იმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.