საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახალი ფრაქციების შექმნის საკითხზე იმსჯელეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახალი ფრაქციების შექმნის საკითხზე იმსჯელეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სათათბირო ოთახში „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ფრაქციების შექმნის თაობაზე კონსულტაციები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

შეხვედრას არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, გოჩა ენუქიძე და ბიძინა გეგიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარი მხოლოდ ბიძინა გეგიძემ გააკეთა.

„ფრაქციების თაობაზე შედგა კონსულტაციები. უახლოეს ხანებში მოხდება ფრაქციების რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიიღებთ ფრაქციების თაობაზე ყველა ინფორმაციას“, – აღნიშნა გეგიძემ.

ახალი ფრაქციების შექმნის საჭიროებას საპარლამენტო უმრავლესობაში უკეთესი კოორდინაციისა და უფრო ეფექტიანი მუშაობის მოტივით ხსნიან. საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების შემადგენლობას და სახელწოდებებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

„ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის ფორმირების შესახებ ცნობა სავარაუდოდ ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე პარლამენტში ექვსი ფრაქცია აქვს. დამატებით ორი ფრაქციის ფორმირების შემდეგ კი რვა ფრაქცია ექნება.