საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ ჯანელიძეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ ჯანელიძეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს იბარებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოსთვის ჟენევის შემდეგი რაუნდი და ქვეყნის სტრატეგია უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.

„საქმე ძალის არგამოყენების – ე.წ. პოლიტიკური დეკლარაციის მიღებას და იმ ურთიერთგამომრიცხავ  განცხადებებს ეხება, რომელიც საკითხთან მიმართებაში კეთდებოდა. ჟენევის დისკუსიებში ძალის არგამოყენების საკითხი ერთ-ერთი მთავრი ცენტრალური საკითხი იყო, რომელიც საქართველომ თავის მხრივ მოაგვარა. ერთადერთი მხარე, რომელსაც ეს ვალდებულება უნდა აეღო, რუსეთის ფედერაცია იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ, უმცირესობას შეხვდეს და ფორმატი თავად აირჩიონ, შეხვედრა დახურული იყოს თუ ღია. ეს ქვეყნისთვის უარღესად მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის თემა, რომელიც პოლიტიზირებული არ უნდა იყოს, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაა”, – განაცხადა კაპანაძემ.