საპარლამენტო არჩევნებისათვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. მისი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ბრძანება იუსტიციის მინისტრმა გამოსცა და ძალაში ის დღეს შევიდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.
სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისია შეიკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.
სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების წარმომადგენლები; აგრეთვე, უწყების წარმომადგენელი გენერალური პროკურატურიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. ასევე, კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნების, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების და საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დროსაც.