საოპერო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მენეჯერი საკუთარ გადაცემას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიუძღვნის
საოპერო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მენეჯერი საკუთარ გადაცემას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიუძღვნის

საოპერო სფეროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მენეჯერი, ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის ყოფილი ინტენდანტი იოან ჰოლენდერი საქართველოს ეწვია.

იოჰან ჰოლენდერი ავსტრიულ სატელევიზიო არხზე „სერვასტივი“ (ServusTV) საკუთარ გადაცემას თბილისის ოპერის თეატრს, საოპერო ტრადიციებსა და თბილისის კულტურულ ცხოვრებას მიუძღვნის. აღნიშნულ არხზე, რომელიც გერმანულენოვან ქვეყნებში მაუწყებლობს, მას საკუთარი საავტორო გადაცემა აქვს. გადაცემა სხვადასხვა ქალაქების საოპერო თეატრებსა და კულტურულ ცხოვრებას აშუქებს.

ჰოლენდერი თბილისში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და დედაქალაქში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. ის დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს სტუმრობდა, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ უმასპინძლა. ჰოლენდერმა შენობა დაათვალიერა და მაისურაძესთან გადაცემისთვის ინტერვიუც ჩაწერა.

იოან ჰოლენდერი 20 წლის განმავლობაში (1988-2010წწ) სათავეში ედგა ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრს. ამჟამად ის მეტროპოლიტენ ოპერას გენერალური მენეჯერის და ტოკიოს საგაზაფხულო ფესტივალის მრჩეველი, ასევე ენესკუს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. ჰოლენდერი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ის მრავალჯერ დააჯილდოვეს, ასევე არის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.