საოკუპაციო რეჟიმის მიერ პირველ აპრილს გათავისუფლებული რამაზ ბეღელური ხელმეორედ გამოიკითხა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ პირველ აპრილს გათავისუფლებული რამაზ ბეღელური ხელმეორედ გამოიკითხა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ პირველ აპრილს გათავისუფლებული რამაზ ბეღელური პოლიციაში კიდევ ერთხელ გამოიკითხა.

ბეღელურის თქმით, გამოკითხვა ეხებოდა დაკავების დროს მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასთან დაკავშირებითაც აქამდე არ საუბრობდა.

„გზა ამერია და იქით მხარეს აღმოვჩნდი, რა დროსაც დამაკავეს, ჯერ ბაზაზე გადამიყვანეს და შემდეგ – ცხინვალის იზოლატორში. გზაში მცემეს, თავში მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, მეთქვა, თითქოს 2008 წელს ვიბრძოდი. ციხეში უკვე კარგად მექცეოდნენ, თუმცა იქ დამეწყო თავის ტკივილები. ციხეში წამლებსაც მაძლევდნენ. ახლაც მაქვს თავის ტკივილები, რამდენჯერმე გონებაც დავკარგე. გამოკვლევებიც ჩავიტარე, ეს ყველაფერი სწორედ ამ ცემას უკავშირდება. რუსებმა გამაფრთხილეს, არ თქვა ცემის ფაქტიო. გადავწყვიტე, ახლა ეს ყველაფერი მომეყოლა“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ რამაზ ბეღელურმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ აპრილს გათავისუფლდა.

რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.