საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის და, ირმა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ძმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის და, ირმა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ მისი ძმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
„არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. მინდა, რომ გათავისუფლდეს და სახლში უვნებელი დაბრუნდეს. მე და ჩემები აქციებს არ ვგეგმავთ, ერთადერთი, გვინდა, რომ ცოცხალი იყოს. არაფერი ვიცით, ჭკუაზე აღარ ვარ. ყველანაირად ვცდილობ, რაღაც ინფორმაცია მივიღო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ ჩანს. იქ როგორ არის, ისიც არ ვიცი“, – განაცხადა ირმა ჩხიკვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ 12 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სუს-მა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ამასთან, ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამასთან, როგორც სუს-ში განაცხადეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ დაადასტურა, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავების გამო, ცხელი ხაზი გააქტიურდა.