სანქციების მიუხედავად, კერძო კომპანიებს ირანული ნავთობი ექსპორტზე უპრობლემოდ გააქვთ
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ნავთობი კერძო კომპანიებს ექსპორტზე უპრობლემოდ გააქვთ. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა რომ 4 ნოემბრიდან ირანის ნავთობის ექსპორტზე სანქციები ამოქმედდებოდა. ვაშინგტონის სანქციები ირანული სახელმწიფოს მიერ ნედლი ნავთობის ექსპორტზე გატანის შეფერხებას ისახავს მიზნად, რადგან ნედლი ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტს მთლიანად სახელმწიფო აკონტროლებს.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ირანმა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნედლი ნავთობის კერძო კომპანიებზე მიყიდვა გადაწყვიტა, რომლებიც თავის მხრივ, შესყიდულ ნავთობს ექსპორტზე გაიტანდნენ. თეირანმა ეს მექანიზმი უკვე ოქტომბრის ბოლოდან აამოქმედა. როგორც ირანის ნავთობის მინისტრი ბიჯან ზანგანემი აცხადებს, ბირჟაზე შესყიდულ ნავთობს კერძო კომპანიები უპრობლემოდ ყიდიან.
მინისტრის განმარტებით, ირანი კერძო კომპანიებისთვის კიდევ 3 მილიონი ბარელი ნავთობის მიყიდვას გეგმავს. ნავთობის გაყიდვა ირანის ბირჟაზე ძირითადად, ირანულ ეროვნულ ვალუტა რეალში იგეგმება, თუმცა მინისტრის განცხადებით, თუ მყიდველს ამის სურვილი ექნება, ტრანზაქციის განხორციელება უცხოურ ვალუტებშიც იქნება შესაძლებელი.