სანიოლმა „ბილდთან“ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ჯერ „ბაიერნის“ დონეზე არაა, მაგრამ „დორტმუნდისთვის“ მზად არის #1TVSPORT
პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ ინტერვიუ ჩამოართვა ვილი სანიოლს, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნში“ 277 მატჩი ჩაატარა, 2017 წელს კი გუნდის მწვრთნელის ასისტენტი და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
„საქართველოს ნაკრებში რომელი ფეხბურთელი განვითარდა ისე კარგად, რომ შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ ბუნდესლიგაში ან თქვენს ყოფილ კლუბ „ბაიერნში“ – საქართველოს ეროვნული გუნდის ხელმძღვანელმა ამ კითხვაზე პასუხისას ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
„ჩვენი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. ის სტილით ჰგავს ფრანკ რიბერის, თამაშობს ფლანგის ფეხბურთს, ამიტომ ყოველთვის რისკავს, სწრაფია, კარგი პასი აქვს და ტექნიკურად ძალიან ძლიერია. მან დატოვა ყაზანის „რუბინი“ და მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ითამაშებს თავის ახალ კლუბში, არის მწვრთნელი, რომელიც დაეხმარება მას, გააგრძელებს მის ჩამოყალიბებას. კვარაცხელია ბუნდესლიგისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშეა. 21 წლის ასაკში ის შეიძლება ჯერ არ იყოს „ბაიერნის“ დონეზე, მაგრამ მზადაა მის უკან მყოფი კლუბებისთვის, როგორებიც არიან „ლევერკუზენი“, დორტმუნდის „ბორუსია“ ან „გლადბახი“, – ამბობს ვილი სანიოლი.
სანამ მიუნხენის „ბაიერნში“ ასისტენტი და მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდებოდა (2017 წელს), საფრანგეთის 21-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უფრო მიმზიდველია, ვიდრე კლუბში მუშაობა? ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.
„არა, მე ყველაფრისთვის ღია ვარ. რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, როცა ალექსმა (ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს საფეხბურთო კავშირის ვიცეპრეზიდენტი და ბუნდესლიგის ყოფილი ვარსკვლავი – რედ.) ერთი წლის წინ დამირეკა. ჩვენ ვისაუბრეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ვთქვი, „კარგი, მოდით ვიმუშაოთ“. როდესაც ორი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ერთმანეთს ელაპარაკება, საქმე ყოველთვის უფრო სწრაფად გამოდის“, – აცხადებს სანიოლი.