სანიოლი რისკიან თამაშს ემხრობა - ფეხბურთელებს ბიძგი უნდა მივცე, რომ იყვნენ ამბიციურები და მხოლოდ მოსაგებად ითამაშონ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განმარტა, რომ მოთამაშეებისადმი არსებულ მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი მათი სპორტული ამბიცია იქნება.
„ნაკრების კანდიდატები მოედანზე რომ გავლენ, მხოლოდ მოსაგებად უნდა ითამაშონ. მსურს, რომ ეროვნულ გუნდს სწორედ ამის ბიძგი მივცე – ამბიციის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ და უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებ. ფეხბურთელებს პირველი ეს უნდა ვუთხრა, იყავით ამბიციურები და ამაზე ბევრი იმუშავეთ“, – განაცხადა „ტაიმაუტის“ სტუმარმა.
სანიოლიმ უთამაშებელი ფეხბურთელების შესახებაც ილაპარაკა.
„თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფია და ასეთ პირობებში გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში რეგულარულად თამაშობენ და სათამაშო რიტმში არიან. მაგრამ ვერ დააწესებ, რომ უთამაშებელი ფეხბურთელი არ აიყვანო. ფეხბურთელებს ზოგჯერ კარგი დრო აქვს, ზოგჯერ რთული პერიოდი უდგება – აქ ამბიციის საკითხიც დგება. ფეხბურთელებს დავაკვირდებით და და თუ 3-4 თვე არ თამაშობს, მას ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდება. მაგრამ ეს წესად არ იქნება დანერგილი“.
ვილი სანილიმ დისციპლინაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
„ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას ფეხბურთელებთან სამუშაოდ დიდი დრო არ გვაქვს. ამიტომ წარმატების მისაღწევად დისციპლინა აუცილებელია. მე დიქტატორის როლი არ მსურს. მაგრამ მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, ეროვნული გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან თუ არა. უდისციპლინო ფეხბურთელები კი გუნდიდან თავად ამოვარდება. როდესაც გუნდში მუშაობ, ფეხბურთელს უნდა დაეყრდნო, მას ენდო და მისი რწმენა გქონდეს. ვინც შესაბამისად არ მოიქცევა, მისთვის ნაკრებში მოხვედრა შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ქართულ მენტალიტეტს, მე მას ვერ შევაფასებ. რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ვარ და აქამდე ქართული მენტალიტეტი მაკმაყოფილებდა“.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა საკუთარ საფეხბურთო ფილოსოფიაზეც ილაპარაკა.
„რომ თქვა, რისკზე მინდა წავიდე და 9 მცველს დავაყენებ, ამას მოთამაშეები და გულშემატკივრები ვერ გაიგებენ და წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. მნიშვნელოვანია მოთამაშეების მიმართ პატივისცემა და საჭიროა ფეხბურთელებამდე ზუსტად მიიტანო, მოედანზე მათგან რას ითხოვ და რისი მიღწევა გვსურს. დარწმუნებული ვარ, თამაშის დროს რისკზე თუ არ წახვალ, წარმატება არ იქნება. შენს ნაცვლად წარმატებას ვერავინ მოგიტანს. ეს თავად უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა მოიპოვო და ამისთვის დიდი ამბიცია უნდა გქონდეს“.