სანდრო რაქვიაშვილი - უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან? საქართველო რითი გამოირჩევა, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს
სანდრო რაქვიაშვილი - უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან? საქართველო რითი გამოირჩევა, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს

ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას სერიოზულად არ განვიხილავდი, რადგან მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს რომ მოეთხოვება და სხვა ვინმეს არა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ერკვევა შიდა ამბებში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა  განაცხადა.

საუბარია რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განაცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა – „ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, თეორიულად, უკრაინაში ვითარება უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი და იაპონია გახსნიან.

„რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ? ეს როგორ წარმოუდგენიათ? ხომ ვხედავთ, ომი რას ნიშნავს? თუ ჩვენ თავდამსხმელები ვართ, ისე უნდა გავაკეთოთ, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და როგო შეიძლება ეს ჩვენგან მოითხოვონ? არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ სიტუაციაში ერკვევა, თორემ თეორიულად, რა თქმა უნდა, ჩინეთმა რომ მეორე ფრონტი გახსნას, ეს უკრაინას დაეხმარება. მაშინ, დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს, ყველა ხვდება, რომ ამაზე საუბარი არაადეკვატურია. ამის გამო რატომღაც საქართველოზე საუბრობენ უფრო მეტს. უკრაინაში სიტუაცია უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი გახსნის. ეს უკრაინისთვის ხომ უფრო სერიოზული დახმარება იქნება? რატომ არ ხსნიან, მაშინ ჩინეთმა და იაპონიამ გახსნან მეორე ფრონტი. საქართველო ამ ნაწილში რითი გამოირჩევა, ყველაზე დიდი ჯარი გვყავს, ისეთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს რუსეთთან, რომ მაინც და მაინც ჩვენი დახმარებაა საჭირო? ანუ, ამას ჩინეთი ვერ გააკეთებს და საქართველოს უნდა მოსთხოვონ? ეს არაადეკვატურია და ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.