სანდრო რაქვიაშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციონერ კოლეგებს კარგი მოლოდინი არ აქვთ და დარჩათ ერთადერთი იმედი, რომ ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან, რაც არჩევნებში დაეხმარებათ, არ მგონია, მათი იმედები გამართლდეს
სანდრო რაქვიაშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციონერ კოლეგებს კარგი მოლოდინი არ აქვთ და დარჩათ ერთადერთი იმედი, რომ ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან, რაც არჩევნებში დაეხმარებათ, არ მგონია, მათი იმედები გამართლდეს

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი პარტიის მიმართ არ ყოფილა შეთავაზება, ამ განცხადებაზე ხელი მოეწერათ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები დესტრუქციულია, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებს, ვერც დიპლომატების დაარწმუნებას მოახერხებენ.

ამასთან, სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერ კოლეგებს არჩევნების მიმართ კარგი მოლოდინი არ აქვთ და დარჩათ ერთადერთი იმედი, რომ ევროპელი პარტნიორები მკაფიოდ დაიკავებენ ოპოზიციური პარტიების მხარეს, რაც არჩევნებში დაეხმარებათ.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პარტნიორები ამას არ გააკეთებენ, რადგან მათი მიზანია საქართველოს განვითარება და არა ერთი პარტიის მიერ მეორის ჩანაცვლება.

„ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზება, ხომ არ გინდათ, წერილს ხელი მოაწეროთო. ზოგადად, პათოსს – გვიშველეთ, დავიღუპეთ და თუ არ ჩაერევით, არაფერი გამოდის, არ ვეთანხმები. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების” მიერ არჩეული ტრაექტორია არის ნეგატიური და ეს ის პოზიტიური ტრაექტორია არ არის, რომელიც გვინდა, რათა ევროპაში გავწევრიანდეთ. გასაგებია, რომ მეგობრებს უნდა მოვუსმინოთ, რეფორმები უნდა ჩავატაროთ და ა.შ. მაგრამ ამ დროისთვის ოპოზიციის მთავარი არჩევანი უნდა იყოს არჩევნები და ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები არის დესტრუქციული. თუ ამაში ამომრჩეველს ვერ დავარწმუნებთ, ვერც დიპლომატებს დავარწმუნებთ. ანუ, აზრს მოკლებულია – ვამბობთ, ეს ადამიანები ატყუებენ ხალხსო, თუ ამაში ხალხს ვერ დავარწმუნებთ და ხალხი ამას ვერ ხედავს, მაშინ არც დიპლომატები დაგვიჯერებენ.

როგორც ჩანს, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს არჩევნების მიმართ კარგი მოლოდინი არ აქვთ და დარჩათ ერთადერთი იმედი, რომ რაღაცნაირად ევროპელები, პარტნიორები ჩაერთვებიან, მკაფიოდ დაიკავებენ ოპოზიციური პარტიების მხარეს, რაც მათ არჩევნებში დაეხმარებათ, მაგრამ არ მგონია, მათი იმედები გამართლდეს. ევროპელები ამას არ გააკეთებენ, ბევრ დიპლომატს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ისინი არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შიდა დაპირისპირებისთვის, რომ ერთმა პარტიამ მეორეს აჯობოს. მათი მიზანია, განვვითარდეთ და არა ის, რომ ერთმა პარტიამ მეორე ჩაანაცვლოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.