სანდრო რაქვიაშვილი - რეზოლუციაში რუსეთის თაობაზე ჩანაწერი რომ ყოფილიყო, ნორმალური რეზოლუცია იქნებოდა
ოპოზიციონერ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის თაობაზე ჩანაწერის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ნორმალური რეზოლუცია. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული მთელი რეზოლუცია რუსეთზეა და ჰარი პოტერში რომ არის – ყველამ იცის, რაზე ლაპარაკობს და არ შეიძლება ხსენება, ახლა ასე გამოდის, რაც არასერიოზულია. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რადგან ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და ერთ-ერთს ვუჭერთ მხარს, ოღონდ ისე, რომ მეორეს არ ვახსენებთ, რაც ძალიან უცნაურია.
რეზოლუციაში რუსეთის თაობაზე ჩანაწერი რომ ყოფილიყო, ნორმალური რეზოლუცია იქნებოდა. ახლა მთავარია ის, იქნება თუ არა თანხმობა, რადგან მთელი იდეა ეს იყო. თუ ერთობა ორი სიტყვის გამო არ შედგება, რეზოლუციის მიღებას აზრი ეკარგება და არგუმენტს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა იყოს ჩაწერილი დოკუმენტში რუსეთი. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოვისმინე“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.