სანდრო რაქვიაშვილი - კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, მელიასთვის არ ეპასუხა, ეჩვენებინა, რომ კონფლიქტზე მაღლა დგას, ასეთ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე იქნებოდა
სანდრო რაქვიაშვილი - კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, მელიასთვის არ ეპასუხა, ეჩვენებინა, რომ კონფლიქტზე მაღლა დგას, ასეთ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე იქნებოდა

ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო, მისთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო, ბევრად მეტს მოიგებდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირებისას, არც ერთი მხარე არ იყო მართალი. რაქვიაშვილის განცხადებით, კონფლიქტები ხელოვნურად რომ არ შევქმნათ, ქვეყანაში დაძაბულობა ისედაც არსებობს.

„ისეთი პარტიის ლიდერებს, რომელთა უკან ასეულობით ადამიანი დგას, საკუთარი საქმის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონე მიდგომა უნდა ჰქონდეთ. ეს დაპირისპირება ნიკა მელიას არ უნდა დაეწყო, არც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო სწორი. დაძაბულობა ისედაც გვაქვს, ხელოვნურად რომ არ შევქმნათ კონფლიქტები. მომხდარი დაპირისპირების არც ერთი ნაწილი არ იყო მართალი. ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო, მისთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო. ამით ბევრად მეტს მოიგებდა.

ნიკა მელიასთან ამდაგვარი გამოცდილება მაქვს – ჩვენ სხვადასხვა ხარისხის კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვცდილობ აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხო. ირაკლი კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ ჩხუბსა და კონფლიქტზე მაღლა დგას. ასეთ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე იქნებოდა. თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ. როგორც კი საჯარო პოლიტიკაში შევედი, ფეისბუქზე და სადღაც სხვაგან, უამრავი ადამიანი მაგინებს. ეს საჯარო პერსონისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ერთმანეთისადმი გინება ნორმა ხდება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა.