სანდრო რაქვიაშვილი - ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ცუდი იქნებოდა, მაგრამ თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა, გამიკვირდა, რომ ამაზე ხმაური ატყდა
სანდრო რაქვიაშვილი - ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ცუდი იქნებოდა, მაგრამ თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა, გამიკვირდა, რომ ამაზე ხმაური ატყდა

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ეს იქნებოდა მინიშნება, რომ რაღაც ნატო-სთან კარგად არ გვაქვს დალაგებული, თუმცა თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა, – ამის შესახებ „გირჩის წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაუკვირდა, რომ ამაზე ამბავი ატყდა.

„შეხვედრა, რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ეს იქნებოდა მინიშნება, რომ რაღაც ნატო-სთან კარგად არ გვაქვს დალაგებული, თუმცა თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა. ასე არ ხდება ხოლმე, დიპლომატიური შეხვედრები ასე მტრებთანაც არ უქმდება და მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებთან. თავიდანვე გამიკვირდა, რომ ამაზე ხმაური ატყდა. მთელი დღე ველოდებოდი სიტუაციის გარკვევას. ჩემი კოლეგების ქცევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველა თავისებურად უყურებს ამ ისტორიას, მათ შორის ვიღაცას ჰგონია, რომ თუ ნატო-სთან პრობლემა შეგვექმნა, ეს დაცინვის ან სიხარულის მიზეზი შეიძლება, იყოს. მე ასე არ მივიჩნევ. საერთოდ არ მომწონს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული, ნატო-სთან დაგვაახლოებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ამასთან, სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე  საქართველოს დადებითი პასუხი ექნება. მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს.

„პოზიტიურია, რომ ბრიუსელში არაფერი ცუდი არ მომხდარა და ფაქტობრივად ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრები იყო. საბოლოო ჯამში, ასეთი ვიზიტები ის ნაბიჯია, რომლებიც მათ შორის კანდიდატის სტატუსისთვის პრობლემებს მოგვიხსნის, თუ ასეთი პრობლემები არსებობდა. მსგავსი ვიზიტი აუცილებელიც იყო. ზომიერად პოზიტიური მოლოდინები მაქვს. მგონია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი პასუხი გვექნება. გზავნილები, რაც მოვისმინეთ, საბოლოო ჯამში იმაზეა, მერე რა მოხდება და რა რეფორმების გატარება მოგვიწევს. კანდიდატის სტატუსი შეიძლება, უსასრულობამდე გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით, თუ არ გავატარებთ სერიოზულ რეფორმებს, პოლიტიკურ და სასამართლო რეფორმებს. კანდიდატის სტატუსი მეტ ბერკეტს აძლევს ევროკავშირს, რომ ჩვენს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ასე რომ მოხდეს, ჩვენივე არჩევანია. ცხადია, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ვიდრე ჩვენი სასამართლო არ დაემსგავსება ევროპული ქვეყნების სასამართლოს და ჩვენი ეკონომიკა არ დაემსგავსება მათ ეკონომიკებს. ჩვენ ევროკავშირისკენ თუ  გზას თუ დავადგებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენა მეგობრებს ევროპიდან ბევრად მეტი ჩართულობა ექნებათ ჩვენს შიდაპოლიტიკურ ამბებშიც. ბევრი პრობლემა, რომელზეც ახლა საუბრობენ, უნდა გადავწყვიტოთ.

მინახავს, როცა ჩემს კოლეგებს ჩვენი მთავრობის ნებისმიერი წარუმატებლობა ან შეცდომები უხარია, ეს შეიძლება, პოტენციურად დამაზიანებელი იყოს. არავის არ გაგვიხარდება, რომ ევროკავშირში და ნატო-ში არ მიგვიღონ, ან ამ გზაზე საქართველოს რამე პრობლემა შეექმნას. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წნეხი განახორციელონ მთავრობაზე, რომ ევროპულ გზაზე იყოს და ყველა რეფორმა გაატაროს, რომელიც საჭიროა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.