სანდრო რაქვიაშვილი - გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებოდა, მაგრამ რა სცენარები იყო, რისთვის ჩამოვიდა, ისიც კი არ ვიცით
სანდრო რაქვიაშვილი - გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებოდა, მაგრამ რა სცენარები იყო, რისთვის ჩამოვიდა, ისიც კი არ ვიცით

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაც სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებოდა, მაგრამ რა სცენარები იყო და რისთვის კეთდებოდა, რისთვის ჩამოვიდა, ისიც კი არ ვიცით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვებს პასუხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გასცეს.

„ცხადია, რომ თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ იცოდა სააკაშვილი რომ ჩამოდიოდა. ორი ამბავია – ან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“ და ეს ერთი თამაშია, ან თუ შეთანხმებული არ არის, ქვეყანაში არალეგალურად შემოდიხარ და ასეთ ვიდეოს იღებ, ბუნებრივია, დაძაბულობისა და გადატრიალების მიზანი უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, უნდა დავუშვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად არაადეკვატურია. ჩემი აზრით, ამის ალბათობა ნაკლებია. მგონი, უნდათ, წინასაარჩევნოდ აჩვენონ, რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაცნაირად წვალობს და „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ მიდის. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი იქნება მეორე ტურამდე, ამის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცით. თუ რაიმე კრიტიკული არ ხდება, თეორიულად, მისი რაიმე სპეციფიკურ კლინიკაში გადაყვანა შეიძლება, არც იყოს საჭირო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის მარტივი გამოსავალი, როგორ გამოუშვან სააკაშვილი – იტყვიან, არა მხოლოდ ციხის, არამედ საქართველოს კლინიკებიც არ იყო საკმარისი სათანადო მკურნალობისთვის, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაუშვან და ამით დაასრულონ ეს კრიზისი. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არის ყველაზე კარგი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რაც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.