სანდრო რაქვიაშვილი - არ გვინდა, „გირჩი“ ასოცირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ან ოპოზიციასთან, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივაა კონცენტრირებული
სანდრო რაქვიაშვილი - არ გვინდა, „გირჩი“ ასოცირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ან ოპოზიციასთან, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივაა კონცენტრირებული

არ გვინდა, „გირჩი“ ასოცირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ან დანარჩენ ოპოზიციასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაა კონცენტრირებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარტიის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას უკვე შემუშავებული აქვს სამომავლო მოქმედების გეგმა, რომელსაც განახორციელებს, თუკი მოლაპარაკებები კვლავ წარუმატებლად დასრულდება.

„ამ პოლიტიკურ პროცესში ისედაც გასაგებია, რომელი მხარე რა დათმობაზე უნდა წავიდეს, ამიტომ ასე განსაკუთრებული მოლაპარაკების საგანი „ქართულ ოცნებასთან “ არ გვაქვს. ჩვენი პოზიცია ზოგადად გასაგებია. მიუხედავად ამისა, არ გვინდა, ამ პოლიტიკურ ჭაობში ვიყოთ, ამავდროულად არ გვინდა, რომელიმე მხარე ავირჩიოთ, რომ „გირჩი“ ასოცირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ან დანარჩენ ოპოზიციასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არის კონცენტრირებული.

ჩვენი გეგმა შევიმუშავეთ, დავამტკიცეთ და ხვალ ჩვენი მხარდამჭერების ჯგუფში ამ გეგმის პრეზენტაცია იქნება. ეს გეგმა განხორციელდება მაშინ, თუ დავინახეთ, რომ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და ისევ ჭაობში დავრჩით. ჩვენ უკვე დიდი ხანია არ გვაქვს მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები. ეს არის დამოუკიდებელი გეგმა, როგორ უნდა მოიქცეს „გირჩი“ ამ სიტუაციაში.

სრულიად ვეთანხმები ევროპარლამენტს, მართლა არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენი გეგმაც ამის შედეგია. ამ კრიზისში ქვეყნის დატოვება ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.