სანდრო ნარიმანიძე - ალექსანდრე ჩივაძისგან ჯილდოს მიღება ძალიან გამიხარდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და „საბურთალოს“ ცენტრალური მცველი სანდრო ნარიმანიძე 19-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა „საბურთალოს“ ძირითად გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა და საქართველოს თასის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.
ნარიმანიძემ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში დიდი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„19-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება და ალექსანდრე ჩივაძისგან ჯილდოს მიღება ძალიან გამიხარდა. ნებისმიერი ადამიანისთვის და, მით უმეტეს, სპორტსმენისთვის, აღიარება ბევრს ნიშნავს. სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.
ფეხბურთში პირველი ნაბიჯები „საბურთალოში“ 2011 წელს, 6 წლის ასაკში გადავდგი და დღემდე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ „საბურთალო“ ჩემი მეორე ოჯახია. ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველ გუნდში სავარჯიშოდ გადამიყვანეს. თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. მთავარი მწვრთნელი, სტაფი და ბიჭები დამეხმარნენ, რომ თავი უცხოდ არ მეგრძნო და დისკომფორტი არ შემქმნოდა.
მერე იყო სადებიუტო თამაში თბილისის „დინამოსთან“. რა თქმა უნდა, ვღელავდი და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ თანაგუნდელებმა ეს მომენტი მარტივად გადამალახინეს. საქართველოს თასის ფინალშიც ვითამაშე – გუნდის ხელმძღვანელობა ასეთ ნდობას რომ გიცხადებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაცაა. ბოლო წუთზე გატანილი გოლი ძალიან ემოციური იყო და ბიჭებთან ერთად გამარჯვების ზეიმი არასოდეს დამავიწყდება.
წელს საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სეზონია. წინ გველის ეროვნული ლიგისა და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები. 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა და მარტში სანაკრებო თამაშები გვაქვს. ჩემთვის ასეთი ნაკრების კაპიტნობა ორმაგი პასუხისმგებლობაა. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.
სად მსურს კარიერის გაგრძელება? დიდი სურვილი მაქვს, ტოპ 5 ლიგის რომელიმე წამყვან კლუბში ვითამაშო და საქართველოს სახელი მსოფლიოში გავიტანო“, – ამბობს სანდრო ნარიმანიძე.