არის მოგება და პირველი ადგილი - 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელი უნგრეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
არის მოგება და პირველი ადგილი - 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელი უნგრეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით ელიტ-რაუნდში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას უნგრელები ფლობდნენ, გიორგი ჩიტაურის გუნდი კი კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა. შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. განსაკუთრებით სახიფათო იყო უნგრელების 66-ე წუთზე განვითარებული შეტევა, რომელსაც ბენედეკ ბარკოში ასრულებდა და ჩვენმა მეკარე სოსო კოპალიანმა საიმედოდ ითამაშა. სამ წუთში სიევ ბარკოშმა შეუტია, მაგრამ ჩვენი მეკარე ისევ საიმედოდ გამოიყურებოდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი თავის შანსს ელოდა და 86-ე წუთზე მიზანს მიაღწია. მარცხენა ფლანგზე საჯარიმო ლუკა პარკაძემ შეასრულა, საჯარიმოში ალექსანდრე ნარიმანიძემ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. დამატებულ წუთებზე გოლს ჩვენ გადავრჩით – ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ჩვენი ნაკრები 28 ოქტომბერს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უნგრელებთან პირველი ტურის მატჩში, 3:0 დამარცხდა, ხოლო ისლანდიასთან მეორე ტურში 2:1 მოიგო.

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ისლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ფრედ – 1:1 ითამაშა და ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა, მეორეზე 3-3 ქულით უნგრეთი და ესტონეთი არიან, ხოლო ისლანდია ერთი ქულით ბოლოზეა.

2022 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. U17. 2 ტური

უნგრეთი U17 – საქართველო U17

გოლი: 0:1 ნარიმანიძე (86. პარკაძის პასით)

25.10.2021. ტელკი. „გლობან ფუტბოლ პარკი“

საქართველო U17: სოსო კოპალიანი, თენგიზ გობეშია, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (90+3. გივი ხაჩიძე), გაბრიელ სიგუა, თენგიზ ალიბეგაშვილი, დემეტრე ციკოლია, კოლოზ ცეცხლაძე (68. გიორგი პარკინაშვილი (90+6. ალეკო ბასილაძე), გიორგი ფარცვანიანი (68. ლუკა პარკაძე (90+7. აკაკი გიუნაშვილი)

სათადარიგოები: რევაზ კურტანიძე, ალექსანდრე ჩიხაძე, ამინ კარაევი, ლაშა გადილია,

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

მთავარი არბიტრი: აბდულქადირ ბითიგენი

გაფრთხილებები: გელა სადღობელაშვილი (15), ციკოლია (47), ცეცხლაძე (50), საბო (60), ალიბეგაშვილი (60), კოვაჩი (74)