სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT

სპორტული ჟურნალისტის, NBA-ის მიმომხილველის, კეიტ სმიტის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდა.

აქამდე მამუკელაშვილი შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი იყო და მის ყოფილ კლუბს, „სან ანტონიოს“ შეეძლო, მისთვის ისეთივე პირობების შემცველი კონტრაქტი მოემზადებინა, როგორსაც სხვა კლუბი შესთავაზებდა და გუნდში დაეტოვებინა, თუმცა ეს პირობა უკვე აღარ არსებობს.

შედეგად, NBA-ის ნებისმიერ კლუბს შესაძლებლობა აქვს, 25 წლის ქართველ კალათბურთელთან მოლაპარაკება დაიწყოს და კონკრეტული წინადადებით მიმართოს.

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსში“ ბოლო ორი სეზონი გაატარა. მან ტეხასური გუნდის მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ კი თამაშში 6.1 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან ერთად, „სან ანტონიომ“ შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსი დომინიკ ბარლოუს, დევიდ დიუკ უმცროსსა და ჩედი ოსმანს მიანიჭა.