სანდრო მამუკელაშვილი - დიდებული წელი იყო და განვითარება უნდა გავაგრძელო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - დიდებული წელი იყო და განვითარება უნდა გავაგრძელო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრები გაიმართა. „მილუოკი ბაქსმა“ პლეი ოფის დაწყებამდე ბოლო მატჩი „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად ჩაატარა და 115-133 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს კი კარიერის შეხვედრა ჰქონდა. მან 28 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და გარდა პირადი რეკორდისა, ქართული რეკორდიც მოხსნა – აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ზაზა ფაჩულიას ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც „ატლანტა ჰოუკსის“ შემადგენლობაში 2007 წელს „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ 27 ქულა დააგროვა.

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა მედიასთან ისაუბრა. სანდრომ პრესკონფერენცია ხუმრობით გახსნა – ბოლო დროს იანის ანტეტოკუნმპო მედიასთან საუბარს ასე იწყებდა, ამჯერად კი ეს როლი მამუკელაშვილმა მოირგო.

სანდრომ განვლილი სეზონი შეაფასა.

„მადლობელი ვარ ამ სეზონის, წინა წელს არც კი ვიცოდი ვიქნებოდი თუ არა ლიგაში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი განვითარებაზე და სწავლაზეა დამოკიდებული, უნდა ვყოფილიყავი მომთმენი და გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა. როცა ლიგის საუკეთესო გუნდში ხარ და სწავლობ ისეთი მოთამაშეებისგან როგორებიც არიან იანისი, ბრუკ ლოპესი და ბობი პორტისი, უბრალოდ მადლობელი უნდა იყო. საერთო ჯამში, დიდებული წელი იყო და უნდა გავაგრძელო განვითარება.“

ქართველმა კალათბურთელმა თავის თანაგუნდელებზეც ილაპარაკა.

გუნდელები ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით. ყოველთვის ვპოულობთ ერთმანეთთან საერთოს. ისინი ყველაფერში მეხმარებიან. დებიუტანტებს ხშირად ცუდი დღეები გვაქვს ხოლმე და ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო ჯრუს, ბობის ან ნებისმიერ სხვას და ისინი ყოველთვის მაძლევენ რჩევებს. მახსოვს, როცა ვეგასში ვიყავი და იანისი პირველად ვნახე, მწვრთნელს ვთხოვე ჩვენთვის სურათი გადაეღო და მან მითხრა, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო და ეს არ გამეკეთებინა.“

პრესკონფერენციის ბოლოს კი მან დღევანდელი თამაშიც შეაფასა.

„დღევანდელ თამაშში „კლივლენდთან“ ჩემი შედეგი თავდაჯერებულობას მმატებს. ეს ჩემი მწვრთნელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ხშირად მე და სკაილერი (მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი) მატჩის შემდეგ, როცა თამაში არ მიწევდა, ვვარჯიშობდით. ჩემი ძმა და ოჯახი ყოველთვის მიჭერდა მხარს და ეს ყველაფერი საერთო გუნდის დამსახურებაა. ახლა კი უფრო თავდაჯერებული ვარ და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ყოველთვის ვიცოდი, რომ განვითარება მჭირდებოდა. ყველაფერს ეტაპობრივად მივყვებოდი – 82 თამაშში ერთი შესაძლებლობა მომეცა და ვეცადე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. მოგებაც გვინდოდა, რთულად დავიწყეთ თამაში, მაგრამ ვიბრძოლეთ და მიუხედავად მარცხისა, კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით.“