28 ქულა და რეკორდი NBA-ში - მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას შედეგი გააუმჯობესა [ვიდეო] #1TVSPORT
28 ქულა და რეკორდი NBA-ში - მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას შედეგი გააუმჯობესა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრები მიმდინარეობს. მოქმედი ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ ბოლო ტურში „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 115-133 დამარცხდა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან სანდრო მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ის ორგზის გამარჯვებულმა „ატლანტა ჰოუკსის“ შემადგენლობაში „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ 2007 წელს 27 ქულა დააგროვა.

დღეს კი სანდრო მამუკელაშვილმა „კლივლენდის“ წინააღმდეგ 28 ქულა მიითვალა და ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 28 ქულასთან ერთად მან 13 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 5-დან 2 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 ერთქულიანი ჩააგდო. ყველაფერი ეს ქართველმა კალათბურთელმა 43 წუთში მოახერხა.

დღევანდელ შეხვედრაში მამუკელაშვილს ქულების მაჩვენებლით მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა აჯობა – კევინ ლავმა, რომელმაც ორმაგი დუბლი 32 ქულითა და 10 მოხსნით დააგროვა. 27 ქულა ჰქონდა ტანასის ანტეტოკუნმპოს, ხოლო ჯორდან ნვორას ანგარიშზე 24 ქულა და 10 მოხსნაა.