სანდრო კობახიძე - გვსურს, „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშოთ #1TVSPORT
21 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართება. შეხვედრის შესახებ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნული გუნდის წევრმა, სანდრო კობახიძემ ისაუბრა.
„ვცდილობთ, ვივარჯიშოთ. ბევრი ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვიმედოვნებ, მხოლოდ გასართობი თამაში არ გამოვა. შედეგზეც ვართ ორიენტირებულნი და გვსურს, მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს.
„ინტერთან“ მატჩის დროს გამოჩნდა, რომ ისინი უკეთეს ფორმაში იყვნენ, 90 წუთი შესანიშნავად ჩაატარეს, ხოლო ჩვენ გაგვიჭირდა. ამ შეხვედრისთვის უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს, რათა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. გვსურს, „მილანის“ ლეგენდებთან ღირსეულად ვითამაშოთ.
ის ფეხბურთელები ჩამოდიან, რომლებსაც ადრე ვქომაგობდით. იმ ფონზე, რომ ეროვნულმა ნაკრებმაც დიდ წარმატებას მიაღწია, თბილისში ჩვენი ხალხის გახარება ჩვენც გვინდა. ადრე კაკა ჩემი საყვარელი მოთამაშე იყო, ძალიან მომწონდა რივალდოც“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა პორტალ TKT.GE-ზე მიმდინარეობს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 21 სექტემბერს, 19:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.