სანდრო ბაზაძე - იმედია, ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოვიპოვებ #1TVSPORT
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტის ამ სახეობაში) ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა.
კაიროდან დაბრუნებულ სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები.
„სიმართლე გითხრათ, უფრო ოქროს მედალს ველოდებოდი და ამისთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიოზე მესამეზე გავედი და ჩემი აზრით, კარგია შედეგებია. თუმცა, გაუმჯობესებას ველოდები და იმედი მაქვს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას შევძლებ. ახლაც შეიძლებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ პრობლემები ისევ და ისევ მსაჯების არასწორმა გადაწყვეტილებებმა შექმნა. ამის მიუხედავად, მიზანი მხოლოდ ოლიმპიადის ჩემპიონობაა“, – ამბობს სანდრო ბაზაძე.
მერაბ ბაზაძე, ფარიკაობის ფედერაციის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი: „სანდრომ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება აქვს დარჩენილი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე სანდრომ არა მეორე და არა მესამე, არამედ, პირველი ადგილი დაიკავოს. დარწმუნებული ვარ, სანდრო ამ შედეგს მიაღწევს“.
აღსანიშნავია სანდრო ბაზაძის დიდი პროგრესი – დღემდე მსოფლიო ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი 16 უძლიერესს შორის მოხვედრა იყო. სანდრო ბაზაძისთვის 2022 წელი კარიერაში საუკეთესოა – 28 წლის მოფარიკავე გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილით კი რეიტინგში მეორე ადგილზე დაწინაურდა.