სანდრა რულოვსი - თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა
სანდრა რულოვსი - თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა

ფოიერვერკებისა და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს, მათ არჩევნებს, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ზუგდიდში ჩატარებული​ სუს-ისა და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. ეს არნახული, უპრეცენდენტო სადიზმი, შეშინება, ზეწოლა და ყველაფერი კრიმინალური, რაც შეგიძლია წარმოიდგინო. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა და ისინი გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, ჯიბეების გასქელებასა და ყველაფერ იმას, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ჩემთვის და 12 პარტიის წარმომადგენლებისთვის, ყველასთვის, ვინც მხარში გვიდგას, ორგანიზაციებისთვის. დიდი მადლობა ნდობისთვის ზუგდიდს. სამწუხაროდ, ზუსტი ციფრები ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ ამ ციფრებს. საოლქო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია შედეგები, თუმცა როგორც ჩანს მათი ციფრებით ნახევარმა დაგვიჭირა მხარი, რაც ძალიან დიდი ძალაა და მას აუცილებლად გამოვიყენებთ ბრძოლის შემდგომი ეტაპის დროს, რადგან ზუსტად ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება – ეს ლოზუნგი გრძელდება, ეს ლოზუნგი იქნება ის ლოზუნგი, რომლითაც შეგვიძლია, მთელს ქვეყანაში ვიაროთ ქუჩა-ქუჩა, ყველა ქალაქში, სოფელში და გავაგებინოთ, რომ ივანიშვილის სისტემა არის ყველანაირად მიუღებელი და არის კრიმინალური, ბანდიტური, კორუფციული და არაადამიანური. ეს მიგვიყვანს უფსკრულში, ეს არის ქვეყნის ნგრევა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ხელში. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, უფრო ლამაზი საქართველო, უფრო სამართლიანი საქართველო და ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, ელოდებიან არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

„ალბათ მმართველი პარტია მოგებულია, მაგრამ ოფიციალური ციფრები ჯერ არ დადებულა. თუ მეორე ტური გამოცხადდება, მე მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში ზუგდიდის სახელით და თუ საოლქო კომისია გამოაცხადებს, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს კრიმინალური, ბანდიტური არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ ზუგდიდის გარეშე იქნება ბრძოლა გაგრძელებული. მე აქ ვცხოვრობ, ამ ხალხთან ერთად მოვიპოვე ბრძოლისუნარიანობა, რომელიც არ მქონდა. თქვენ კარგად იცით, როგორი მშვიდი ვიყავი ყოველთვის და შემიძლია, ბრძოლის დროსაც შევინარჩუნო სიმშვიდე, მაგრამ ჩემს პრინციპებს ნამდვილად ეხებიან, როცა იწყება ადამიანების დაცინვა და დამცირება, როცა მიმდინარეობს ნეპოტიზმი, კორუფცია და ყველაფერი კრიმინალური. ეს აარის ჩემთვის ყველანაირად მიუღებელი. წეღანაც რომ ვიდექი განმუხურში და შიგნით უბანზე იყო არჩილ თალაკვაძე და იქ ხდებოდა, რაც არ უნდა ხდებოდეს, მე ვთქვი, ეს არის ჩვენი სხვაობა. მე არჩილს კარგად ვიცნობ და ის ჩემი მადლობელი უნდა იყოს. შეგიძლიათ კითხოთ, რა გამიკეთებია მისთვის, 2012 წლის ჩათვლით, როცა ის იყო ჩვენს მხარეს და ახლა ამბობს, რომ ეს ცხრა წელი ასეთი და ისეთი ყოფილა. ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ ჩემსა და არჩილს შორის განსხვავება არის ის, რომ არჩილი აკეთებს იმას, რაც დღეს გააკეთა პრემიების მისაღებად და უფრო კარგი თანამდებობის მისაღებად და მე ამას ვაკეთებ გაჭირვებული ზუგდიდელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ ვიბრძვით“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს და მისი გუნდის გეგმა ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„მთავარია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს იყო ტერორისა და ზეწოლის ქვეშ ჩატარებული სპეცოპერაცია. ეს იყო ამ მთავრობის კიდევ ერთი სირცხვილი. ივანიშვილმა არამხოლოდ ძალიან ბევრი ფული დაკარგა ამ არჩევნებზე, არამედ კიდევ უფრო დაბლა წავიდა მისი რეიტინგი და რეპუტაცია. ჩვენ თუ ეროვნულ დონეზე გავშლით ამ ბრძოლას ჩემს გუნდთან ერთად, მაშინ საერთოდ ივანიშვილის წინააღმდეგ მივდივართ ყველანი ერთად. ახლა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. ჯერ როცა საბოლოო შედეგი გამოცხადებული არ არის, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ადრეა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო საქმე საქართველოს მტერთან, ვინც გვებრძვის ამ არჩევნებში და ვინც გამოიყენა ასეთი ცუდი მეთოდები, ის არის საქართველოს მტერი. ამაზე პარტიის ყველა წევრი თანხმდება, რომ ეს კაცი უნდა მოშორდეს თავისი კლანით და მაშინ იქნება საშუალება ახალი განვითარების გზის საპოვნელად“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

​მისივე თქმით, ხვალ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან აქვს ინტერვიუები.

„ხვალ დილით ჰოლანდიის რადიოსთან და „ბიბისისთან“ მექნება ინტერვიუ და მრცხვენია, რომ უნდა ვთქვა, რა მოხდა ზუგდიდში ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში. რაც იკადრეს, ამას არასოდეს ვაპატიებ. სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს, მაქვს ბრძოლის უნარი და მივალ სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა და ვინც შემხვდება ამ ახალ ტალღაში, ძალიან გამიხარდება, ტალღაში, რომელიც გადაუვლის ივანიშვილის რეჟიმს. თუ გეშინია ბრძოლის, თუ გეშინია მგლის, არ უნდა შეხვიდე ტყეში. ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში და ბოლომდე მივიყვანთ, რადგან საქმე გვაქვს საქართველოს მტერთან. არჩევნების გზით ეს კაცი არ წავა, რადგან ის არჩევნებს არ ატარებს, ეს არ იყო არჩევნები“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დატოვე კომენტარი