სანაკრებო მატჩებამდე - ქართველები რუსეთში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სანაკრებო მატჩებამდე - ქართველები რუსეთში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რუსეთის ჩემპიონატში მე-14 ტურის შეხვედრები ჩაატარეს. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ და 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დანიშნული ევრო2020-ის ფინალისთვის მოემზადებიან.

ტულაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გია გრიგალავას ტულას „არსენალმა“ ვოლგოგრადის „როტორი“ მიიღო (სადაც 4 ქართველი ირიცხება) და ანგარიშით – 1:1 დაუზავდა. „არსენალში“ გია გრიგალავა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ბექა მიქელთაძე შეცვლაზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ვოლგოგრადელები 37-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, მათი მცველი გააძევეს. ამ დროისთვის „როტორი“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ვოლგოგრადელებმა იბრძოლეს და 62-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ზუკა დავითაშვილი იყო და ხშირად უტევდა. მან მე-20 წუთზე სცადა გატანა, მაგრამ საჯარიმოში მცველი ფეხებში ჩაუვარდა და შეტევა განმუხტა. 37-ე წუთზე ისევ საჯარიმოში შევარდა და მცველთან ბრძოლის შემდეგ წაიქცა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. 45-ე წუთზე დარტყმა დაახანა და ვერ გაიტანა. 67-ე წუთზე გააფრთხილეს, 90-ე წუთზე კი შეცვალეს. აქტიური იყო გრიგალავაც. 72-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და მისი თავურის შემდეგ სტუმრები გადარჩნენ. 90+2-ე წუთზე 31 წლის მცველმა ისევ შეუტია და ამჯერად ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.

გროზნოს „ახმატი“ „ტამბოვს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ არ უთამაშია მეკარე გიორგი შელიას, ხოლო გიორგი მელქაძე ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.