სან ფრანცისკოს სასამართლოს განაჩენს ტრამპმა აღმაშფოთებელი უწოდა
სან ფრანცისკოს სასამართლოს განაჩენს ტრამპმა აღმაშფოთებელი უწოდა

სან ფრანცისკოს სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მექსიკელ ემიგრანტს, ხოსე ინეს გარსია სარატესს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს – იუწყება NBC. ვერდიქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ში კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

„ეს არის აღმაშფოთებელი ვერდიქტი ქეით სტეინლის საქმეში! გასაკვირი არც არის, რომ ბევრი ამ ქვეყანაში ვერ იტანს არალეგალურ მიგრაციას. ობამას მიერ დაუცველი საზღვარი დამნაშავემ რამდენჯერმე გადაკვეთა, დეპორტაციის შემდეგაც კი. მან დანაშაული ჩაიდინა და სასამართლომ იგი მაინც გაამართლა. ეს უსამართლობაა! კედელი აშენდება!“ – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ში.

ხოსე ინეს გარსია სარატესი 2015 წლის პირველ ივლისს ამერიკის მოქალაქის, ქეით სტეინლის მკვლელობისთვის დააკავეს. სან ფრანცისკოს სანაპიროზე ქეით სტეინლი მეგობართან და მამასთან ერთად სეირნობდა, როცა მას ზურგის არეში ტყვია ესროლეს. გარსია სარატესი ამტკიცებდა, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღი ჯიბიდან ამოიღო და შემთხვევით გაუვარდა. წარსულში იგი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იყო ნასამართლევი, შეერთებული შტატებიდან კი რამდენჯერმე მისი დეპორტაციაც მოახდინეს.

სარატასი სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებაში დამნაშავედ ცნო და მას 16 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.