სან ბრუნოს პოლიციამ YouTube-ის შტაბბინაზე თავდამსხმელის მოტივი დაადგინა
სან ბრუნოს პოლიციამ YouTube-ის შტაბბინაზე თავდამსხმელის მოტივი დაადგინა

სან ბრუნოს პოლიციამ YouTube-ის შტაბბინაზე თავდამსხმელის მოტივი დაადგინა. მათი თქმით, წარმოშობით ირანელმა ქალმა, რომელსაც YouTube-ის პლატფორმაზე ვიდეო-ბლოგი ჰქონდა ვეგანობის შესახებ, კომპანიის შტაბბინაში ცეცხლი გახსნა, რადგან მიაჩნდა, რომ YouTube მის ვიდეოებს ბლოკავდა.

ვებგვერდის პოლიტიკით გაბრაზებულმა ქალმა შურისძიება გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება სან ბრუნოს პოლიციის უფროსმა, ედ ბარბერინიმ გააკეთა.

სანამ კომპანიის შტაბბინაში სასადილოში შეიჭრებოდა და ცეცხლს გახსნიდა, 39 წლის ნასიმ ნაჯაფი
ინგლისურენოვანი და სპარსულენოვანი ვიდეოების სერიაში YouTube-ის წინააღმდეგ გამოდიოდა და პლატფორმას მისი ვიდეოების დაბლოკვაში სდებდა ბრალს.

კალიფორნიაში კომპანიის სათავო ოფისზე ნასიმ აღდამის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შემდეგ აღდამმა თავი მოიკლა.

სან ბრუნოს პოლიციის უფროსის თქმით, ცეცხლის გახსნისას ქალს კონკრეტული სამიზნე არ ჰყოლია.

ამ დროისთვის, სროლის შედეგად დაჭრილი 36 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კიდევ ორი ქალი 32 და 27 წლის ასევე დაჭრილია და საავადმყოფოში რჩება. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც გაქცევის დროს ფეხი დაუზიანდა, ამჟამად სახლში მკურნალობს.

პოლიციის ცნობით, ქალი Youtube-ის შტაბბინაში მდებარე სასადილოში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. შემთხვევის დროს ოფისში 1700 თანამშრომელი იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მათი ევაკუაცია განახორციელეს.