„სამტრედიას“ სპორტული დირექტორი - სპონსორების პასუხამდე შეკრებას ვერ დავიწყებთ
„სამტრედიას“ სპორტული დირექტორი - სპონსორების პასუხამდე შეკრებას ვერ დავიწყებთ

„სამტრედიას“ სპორტული დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის თქმით, გუნდთან ამჟამად არც ერთ მოთამაშეს და მწვრთნელს კონტრაქტი არ აკავშირებს, რადგან ჯერ უცნობია, 2021 წელს გუნდს რა ბიუჯეტი ექნება, – ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„სეზონის ბოლოს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კონტრაქტები დაუმთავრდათ და ჯერ არ ვიცით, რომელი მათგანი დარჩება და საერთოდ, რა გუნდი გვეყოლება. ყველაფერი ბიუჯეტიდან გამომდინარე გადაწყდება, რომელიც უკვე გარკვეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არადა, დასაკომპლექტებლად ცოტა დროა დარჩენილი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ხუციშვილი.

„სამტრედიას“ სპორტული დირექტორის თქმით, სპონსორების პასუხამდე გუნდი ვერც შეკრებას დაიწყებს: „შეკრება 15 იანვარს იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგან ბიუჯეტთან დაკავშირებით გაურკვევლობაა, სავარაუდოდ, შეკრება უფრო გვიან დაიწყება. ველოდებით სპონსორების პასუხს და ამის შემდეგ ბიუჯეტი დამტკიცდება. ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედობთ. ანუ ახლა გუნდში რეალურად არავინ დაგვრჩა – სამიოდე მოთამაშის გარდა, არც ერთ მწვრთნელს და მოთამაშეს გუნდთან კონტრაქტი არ აკავშირებს და არ ვიცით, ახალ სეზონს რა შემადგენლობით დავიწყებთ“.