ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „სამტრედიას“ „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ქუთაისელებმა მაისის მატჩები შესანიშნავად ჩაატარეს და შესაძლო 12 ქულიდან 10 მოიპოვეს. მაგრამ ამ შეხვედრაში მდევრის როლში აღმოჩდნენ. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თამაზ ცეცხლაძემ ინდივიდუალურად ეფექტურად ითამაშა და მეკარესთან პირისპირ გავიდა – დინო ჰამზიჩმა ბურთი მოიგერია, მაგრამ გიორგი ლომთაძემ კარის წინ ნათან ჟუნიორი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ქუთაისელთა სამმატჩიანი „მშრალი სერია“ შეწყვიტა – 0:1.
ქუთაისელებმა ანგარიში მეორე ნახევარში გაათანაბრეს. 57-ე წუთზე, მეჰდი ბუკასმა საჯარიმოში შეტევა სამუელ ინკუმს გაუგრძელა და განის ნაკრების ყოფილმა მცველმა მახვილი კუთხიდან წონასწორობა აღადგინა 1:1. „ტორპედოს“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, ფრე 1:1.
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში გამართული 16 ტურის შემდეგ 17 ქულა მოაგროვა და ისევ მე-7 ადგილზეა, ხოლო „სამტრედიამ“ 10 ქულა მოიპოვა და მე-9 პოზიციაზეა.