„სამტრედიამ“ ძალა აჩვენა - ცეცაძის გუნდმა კონკურენტი დაამარცხა და დააქვეითა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ძალა აჩვენა - ცეცაძის გუნდმა კონკურენტი დაამარცხა და დააქვეითა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეორე წრის პირველ შეხვედრაში „სამტრედიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრაში გამოჩნდა გია ცეცაძის გაწვრთნილ „სამტრედიას“ რა პოტენციალი აქვს.

შეხვედრის პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა. „თელავმა“ კარგად დაიწყო და მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მიხეილ ბაშალეიშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე ბექა ქურდაძემ ნახტომში მოიგერია.

„სამტრედიამ“ უპირატესობა ამის შემდეგ მოიპოვა. 28-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ოთარ კობახიძემ ზუსტად ვერ დაარტყა. მაგრამ უკვე იგრძნობოდა, რომ ცეცაძის გუნდმა თავისი თამაში იპოვა და მაყურებლებისგან გამხნევებულებმა მეტოქის კართან შეტევები გააძლიერეს. „სამტერდია“ უფრო კარგად, სწრაფად თამაშობდა და მიზანს მიაღწია. 35-ე წუთზე, გიგი იოსელიანის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ნათან ჟუნიორმა დაამატა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მალე მეორეც გაიტანეს. ანატოლი მესიაჩენკოს გადაცემის შემდეგ ოთარ კობახიძემ ბურთი კარის წინ ნათან ჯუნიორს უპასა, „თელავის“ კაპიტანმა ილია ბერიაშვილმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა 2:0.

„თელავმა“ კიდევ ორი მომენტი შექმნა. მასპინძელთა კარს ვაჟა ფაცაცია დაემუქრა, მაგრამ ახლოდან მიზანს ააცილა, კარის წინ მარტო დარჩენილი რეზი ინჯგია კი გაიტანდა, რომ არა მასპინძელთა მეკარე ბექა ქურდაძე, რომელმაც მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და „სამტრედია“ გადაარჩინა.

მეორე ნახევარიც იგივე სცენარით დაიწყო – ორივე გუნდი ბევრს უტევდა, მაგრამ მომენტები ნაკლებად შეიქმნა. „თელავმა“ აქტიურად დაიწყო და 50-ე წუთზე სხვაობაც შეამცირა. თორნიკე ძოწენიძის ჩაწოდებული ბურთის მოგერიებისას შემტევმა ბექა ქურდაძეს ხელი შეუშალა, შოთა შეყილაძემ კი ახლოდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა 2:1.

მომენტები ამის შემდეგ ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ სანახაობაზე მეტი დაძაბულობა იყო. 90+2-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს ლაშა შერგელაშვილი, საბოლოოდ კი მატჩი „სამტრედიამ“ 2:1 მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

10 ტურის შემდეგ „სამტერდიამ“ 7 ქულა დააგროვა და ერთდროულად ორ გუნდს გადაასწრო – დღევანდელ მეტოქე „თელავს“ (6) და ქუთაისის „ტორპედოს“ (5) და მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა. დღეს ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება – თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

 


სამტრედია – თელავი 2:1


გოლები: 1:0 ნათან ჟუნიორი (35), 2:0 ბერიაშვილი (38. ავტოგოლი), 2:1 შოთა შეყილაძე (50)

სამტრედია: ბ. ქურდაძე – ნადირაძე, გიორგაძე, ერაძე – იოსელიანი (57. გადირზადე), ცეცხლაძე (75. რობაქიძე), მესიაჩენკო, კვირკვია – ო. კობახიძე (67. ვარიეტი), ნათან ჟუნიორი (90+4. ლუკავა), ილურიძე (75. დოობი)

თელავი: ჩოჩიშვილი – ძოწენიძე (89. აშორტია), ბერიაშვილი, ფაცაცია – მარაქველიძე (76. ლ. კოხრეიძე), მ. ბაშელეიშვილი, ბაიბალაევი (60. ბაიბალაევი), შერგელაშვილიარდაზიშვილი (46. შეყილაძე), ინჯგია, ჯანელიძე (46. ნ. ბაშალეიშვილი)

მთავარი არბიტრი: გ. ვარდიძე

გაფრთხილებები: მარაქველიძე (27), გიორგაძე (32), ნადირაძე (43), შერგელაშვილი (45+1), ცეცხლაძე (49), ვარიეტი (80)

გაძევება: შერგელაშვილი (90+2. მეორე ყვითელი)