სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი ოთხ-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

ამასთან, გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე. სადაც ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ოთხ-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, რვა სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის პიველი მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.