სამთავრობო კრიზისი ბელგიაში: მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრ დე ვევერის გადადგომის საკითხს განიხილავს
ბელგიის სამეფოში სამთავრობო კრიზისია (საილუსტრაციო ფოტო)
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებების ჩაშლას ბელგიაში სამთავრობო კრიზისი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს გადადგომის განცხადებით მიმართა. ბელგიის მონარქის განცხადებით, მმართველი კოალიციის სხვა პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს და მათთან ამ საკითხზე იმსჯელებს.
მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, თვეების განმავლობაში, ვერ მოახერხეს შეთანხმება 2027 წლის ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროს ოდენობით შემცირებისა და გადასახადების გაზრდის საკითხზე, რაც სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციისთვის არის საჭირო.
ერთ მხარეს არიან დე ვევერი, რომელიც ფლამანდიელ ნაციონალისტებს უდგას სათავეში, და ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმისტული მოძრაობა“, რომლებიც ხარჯების შემცირებას ემხრობიან. მათ სოციალისტები და ცენტრისტები უპირისპირდებიან.
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიას მძიმე ტვირთად აწევს სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ვალი, მაშინ როდესაც საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა, მეტი სახსრები გამოიყოს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა განათლება.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიაშიც მოხდა.
ბარტ დე ვევერს მეფე ფილიპესთან მომდევნო შეხვედრა პარასკევს ექნება, და თუ გადადგომის შესახებ მისი თხოვნა დაკმაყოფილდება, ამას კოალიციური მთავრობის ფორმირების ახალი მცდელობა ან ახალი, რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება.