„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი, წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს

16:40, 12.03.2019

რამდენიმე წელია, თბილისში გახსნილია ჩვენი ოფისი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით“ – ეს განცხადება „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ლიმ კორეის ქალაქ სუვონში, „სასამსუნგის“ ციფრულ ქალაქში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „სამსუნგის“ მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ წინადადებებს საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ“ – აღნიშნა „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, „სამსუნგის“ აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა ინოვაციების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა „სამსუნგის“ ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი საქართველოში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში. ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრისას გიორგი ქობულიამ საქართველოში არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „სამსუნგის“ მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სამსუნგის“ მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში „სამსუნგის“ ციფრულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე „სამსუნგის“ ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.

მსგავსი