სამშვიდობო შეთანხმებისთვის ირანი სანქციების მოხსნას, საზღვაო ბლოკადის დასრულებას, ახლო ტერიტორიებიდან ამერიკული ძალების გაყვანას და ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზემ ღარიბაბადლიმ აშშ-ისთვის ირანის მიერ წარდგენილი უახლესი სამშვიდობო წინადადების პირობები გაავრცელა.
როგორც სააგენტო წერს, ირანი აშშ-ისგან თეირანისთვის სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების გათავისუფლებას, ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას, ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, აშშ-ის ძალების ირანთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან გაყვანას და ირანის წინააღმდეგ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ცნობისთვის, ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი ტექსტი 18 მაისს გაუგზავნა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ ღამით ირანზე მასშტაბური თავდასხმა გააუქმა. მისივე თქმით, ამჟამად თეირანთან „სერიოზული მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს და შეთანხმება მალე შედგება, რომელიც აშშ-ისთვის მისაღები იქნება.