„სამოქალაქო უფლებების კავშირის“ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი პანდემიის დროს მოქალაქეთა უფლებებს არღვევდა
„სამოქალაქო უფლებების კავშირის“ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი პანდემიის დროს მოქალაქეთა უფლებებს არღვევდა

„სამოქალაქო უფლებების კავშირის“ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეთა ძირითად უფლებებს არღვევდა. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ პანდემიის დროს ადამიანის უფლებები არაპროპორციულად შეზღუდა.

„საპროტესტო აქციების გამართვის უფლების, ინფორმაციასთან წვდომის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა- სწორედ ამ ხერხებით ისარგებლეს ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა პანდემიის დროს“, – წერია ანგარიშში.

ავტორების თქმით, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, რუმინეთსა და სლოვენიაში მთავრობებმა ბოროტად ისარგებლეს ფიზიკური დისტანციის დაცვის წესით და დააწესეს შეზღუდვა აქციების ჩატარებაზე. ეს ზომა მას შემდეგაც იყო ძალაში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა გაუქმდა.

„ზოგიერთმა მთავრობამ ასევე ისარგებლა საგანგებო მდგომაროების რეჟიმით, რათა შეესუსტებინა გარემოს სტანდარტების დაცვის კანონმდებლობა. მაგალითად, ასე მოხდა უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევაში მოყვანილია ისეთი მაგალითები, როგორებიცაა რუმინეთში სტუდენტის დაჯარიმების საქმე, რომელიც მერის კრიტიკის გამო დააჯარიმეს. ასევე, იმ ორი პოლონელი აქტივისტის მიმართ განხორციელებული ზომები, რომლებიც ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკურ მონაცემებს აპროტესტებდნენ. ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დარღვევაზე, რაც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნაში პანდემიის დროს დაფიქსირდა.

„მთავრობის წევრები სისტემატურად უარს ამბობდნენ ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. ხანდახან კი მათ ავიწროებდნენ და დისკრედიტაციას ცდილობდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მთავრობის კრიტიკას ეხებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი, რათა პანდემიის დროს შეზღუდული სამოქალაქო უფლებების დაცვა აღდგეს.