„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად ყალიბდება
„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად ყალიბდება

„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად ყალიბდება. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, მოძრაობის უმთავრეს მიზანს სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბება და ქვეყნის დინამიური განვითარება წარმოადგენს, რისთვისაც საჭიროა კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული ძირეული ცვლილებების განხორციელება.

„გამოვდივართ რა ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობისა და კონსოლიდაციის ჩვენს მიერ დეკლარირებული პრინციპიდან, ვაცხადებთ:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ყალიბდება ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად;
2. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ ექნება შესაძლებლობა, გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი;
3. ამავე არჩევნებზე პარლამენტის წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი, მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითო წარმომადგენლით;
4. პარლამენტის უახლოესი არჩევნებისთვის მოძრაობა საარჩევნო სიის ( პროპორციული და მაჟორიტარული ) დაკომპლექტების წესს და პრინციპებს მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ასევე საარჩევნო სიას იღებს და ამტკიცებს მოძრაობის მმართველი საბჭო, სრული შემადგენლობის ორი მესამედით”, -განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ.

კოალიციის წევრების თქმით, მოძრაობის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მათ პრინციპებს გაიზიარებს. როგორც 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაში განაცხადეს, მოლაპარაკებები ამ დროისთვის რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმდინარეობს, თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.