სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს აქტიურად გამოხატავენ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს აქტიურად გამოხატავენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „კოვიდ“-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან მოიხსნება. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს.

ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სააგენტო აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს ყველა ავიაგადამზიდველთან, როგორც ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში სასურველ საჰაერო ხაზებზე ფრენების განახლების, ისე ზაფხულის სეზონის მიმართულებებისა და სიხშირეების თაობაზე.

„გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია, ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებლობას მოგვცემს ინდუსტრიასთან ერთად, მოვემზადოთ აქტიური სეზონისთვის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება და ხელი შევუწყოთ ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან, ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე.

2020 წლის აგვისტოდან, დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი. ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ ავივის მიმართულებებით.

დატოვე კომენტარი