სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის ავიარეისებს პრიორიტეტი გაუხანგრძლივა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის ავიარეისებს პრიორიტეტი გაუხანგრძლივა

საქართველოს საჰაერო სივრცეში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ NOTAM (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) 24 აპრილიდან 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სააგენტოში დაუდასტურეს.

NOTAM-ში, რომელიც 25 აპრილის 00:00 საათიდანაა აქტიური, წერია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს ვაქცინის გადაზიდვას და შეფასებულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია, ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვის.

NOTAM მოქმედებს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც STS/ATFMX RMK/VACCINE კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.